ახალი ამბები მთავარი

“გუშინდელი ინციდენტი არის სამარცხვინო” – ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა გუშინდელ შემთხვევას სამარცხვინოს უწოდებს.

ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ოკუპანტები არ გაეშვა და ქართველ ტყვეებში გაეცვალა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეს.

გუშინდელი ინციდენტი არის სამარცხვინო, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან ოკუპანტების დაჭერის შემდეგ რასაც ჩვენ ყველა მივესალმეთ, სამწუხაროდ მოხდა ფაქტობრივად, ეგრევე გაშვება და გადაცემა საოკუპაციო რეჟიმისთვის. ხელისუფლებამ არ გამოიყენა შანსი იმისათვის, რომ შემდგომში ეს ოკუპანტები გაეცვალა ჩვენს ტყვეებში, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან უკვე წლებია. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს არამხოლოდ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს, რუსეთზეა პირველ რიგში საუბარი. არამედ უკვე ეფექტური კონტროლი ხორციელდება არაოკუპირებულ ნაწილშიც” – ამბობს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, შეიარაღებული ოკუპანტები, რომლებიც გუშინ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და სოფელ ხურვალეთში გადმოვიდნენ, ქართულმა პოლიციამ დააკავა, თუმცა, მალევე გაუშვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე ინციდენტი აღკვეთეს და რუსი ჯარისკაცების განეიტრალება მოხდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქის გატაცებას ცდილობდნენ.

იტვირთბა....