“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” პოლიტიკოსის “ფაისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ეს ამბავი 100 წლის წინ დაახლოებით ასე იქნებოდა.
მოურავოო, ბიჭო ანზორ – გადმოსძახებდა, სოლოლაკის აივნიდან ჩუბინიძიანთ ერთგულ მოურავს, ბატონიშვილი მეფისტოფელის სახით.
გისმენ შენი კვნესა მეოო – საჯინიბოდანვე გააგონებდა მოურავი.
გიბრძანებ, ახლავე დაეცე, მოსკოვის პროსპექტის ჭალებში, ფეისბუკმომხმარებელ ვანოს და სულ ნაცარტუტად უქციო სახლ-კარიო – გასძახებდა ბატონიშვილი. თან მეზობლებიც დაისწარი და ცხენებზე მიგალკების დაყენება არ დაგავიწყდესო, ზედ დააყოლებდა.
ამ დროს, საქსოვით ხელში და ჩიხტიკოპით თავზე, კნეინა ეკა მედიდურად ჩაილაპარაკებდა – მომესწრო ვაჟკაციო.” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.