ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” ეთერში გასული “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტის ანონსზე საუბრისას განაცხადა, რომ – “ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ.
მდინარაძის განმარტებით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, „რომ „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები.
„თქვენ ალბათ, გაგიგიათ და მთელმა მსოფლიომ იცის, რას ნიშნავს ყვითელი პრესა. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.