ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს.
მინისტრმა “პირველი არხის”ეთერში საუბრისას არ გამორიცხა, რომ ჩინურ პრეპარატზე მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის ორი ვაქცინა მოლოდინის რეჟიმშია და ისინი ჯანმო-ს მხრიდან სულ მალე მიიღებენ ავტორიზაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო იქნება და საქართველო თავის მოქალაქეებს ხელმისაწვდომობის საშუალებას ჩინურ ვაქცინაზეც მისცემს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვა.
„მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა. მე იქ არ მქონდა განსაზღვრება, რომ ჩინურის გამო არ შემოვა. აქ მნიშვნელოვანი არის სანდოობა და ავტორიზაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ვაქცინის შემოტანის შესახებ ისრაელთანაც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.
ვაქცინის შემოტანის დაგვიანების საკითხს გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც მათ განაცხადეს, საქართველოში ხარისხიან ვაქცინაციას ელოდებიან, რაზეც მოთხოვნა დიდია, დაგვიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, მათ ძირითადად ჩინური და რუსული ვაქცინები აქვთ.