რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც “ნოდარ მელაძის შაბაის” ანონზე წერს.
როგორც სუბარი თავისივე პოსტში ამბობს, “პარტიული ტელევიზიის მუშაკები უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“.
„სააკაშვილის შავი არქივი…
მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა – უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ტელევიზიისგან, რომელმაც ორი დღის წინ ადამიანს მათი პარტიის ოფისის დარბევა დააბრალა, რასაც მოხუცი ბებიის გარდაცვალება მოყვა.
დაბოლოს, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან?! კიდევ ერთხელ გავიგეთ, რაც მანამდეც ვიცოდით, ვინ იყო ფარული ჩანაწერების შემოქმედი და ვინ ფლობს ამ შავ არქივს“, – წერს სოზარ სუბარი.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.