ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან” მისი ძმის ჟურნალისტ გიორგი სანაია მკვლელობა გაიხსენა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ,,ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა”.
ვახო სანაია ამბობს,რომ იმ დროს ის15 წლის იყო და სამტრედიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
“ეზოში ვთამაშობდი. იქვე იყვნენ დედაჩემი და მამაჩემი. მეზობელი გვყავდა, მესაათე იყო. მასთან გადავდიოდი, საათების გაკეთებას მასწავლიდა. მოკლედ, საღამო ხანია. ჩვენ მშვიდად ვართ, ვერანაიარ საფრთხეს ვერ ვგრძნობთ, მით უმეტეს, გიორგისთან დაკავშირებით.
ამ კაცმა დამიძახა. მისი აივანი ჩვენს ეზოს უყურებდა. ეტლში იჯდა წაშლილი სახით, სულ გაფითრებული. რადიო ედგა გვერდით. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ,ასე ეთქვა, ალბათ თვითონაც შოკში იყო. მითხრა, გიოგი სანაია მოკლესო. ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა ეს ადამიანი. ასე პირდაპირ მითხრა. მეხი რომ დაგეცემა, იმაზე უარესად ვიყავი. რას ამბობ-მეთქი, ვუთხარი. გარდაცვლილი იპოვეს, რადიოში გამოაცხადესო, გამიმეორა. ამის მერე მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მე მხოლოდ ერთი კადრი მახსოვს, როგორ დაინახა დედაჩემმა, რომ მე რაღაც რეაქცია მქონდა. შენიშნა, რომ რაღაც მოხდა. რა მოხდაო, დამიძახა. მე ჯერ ვერ გავეცი ხმა. მერე გამიმეორა ხმამაღლა. ვუთხარი, ეს კაცი რაღაცას ამბობს-მეთქი. არ ვიცოდი, დედასთვის რა მეთქვა. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, მახსოვს ერთადერთი კადრი – მიწაზე დამხობილი მტირალი დედაჩემი და ბევრი ხალხი. ჯოჯოხეთი იყო ნამდვილი, – იხსენებს ვახო სანაია ლელა წურწუმიას გადაცემაში.
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი 20 წლის წინ, 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. გიორგი სანაია სამაუწყებლო კომპანიაში 1999 წლიდან მუშაობდა. ის ჟურნალისტი და “ღამის კურიერის” წამყვანი იყო.