საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც “ნამახვან ჰესის” აშენებას აპროტესტებენ. მინისტრმა შეხვედრის დასურლების შემდეგ განაცხადა, რომ ის გულწრფელი პროტესტის მოწმე გახდა ამ ხალხში და მას იქ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი არ დახვედრია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აუხსნან ადგილობრივებს, რომ ამ პროექტის განხორიცელება ხეობის განვითარებას ემასახურება. მან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია – აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება. შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ არ დარჩეს ბევრი კითხვის ნიშანი. თუ დავინახეთ, ამ პროექტის მსვლელობისას შესაძლებელია, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები, რაც შეიძლება უკეთესად გადაწყდეს ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს გარკვეული გაუმჯობესებისთვის, ამისთვისაც მზად ვართ“- აღნიშნა ნათია თურნავამ.