ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გორის თავზე რუსული ვერტმფრენი შეამჩნიეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის რამდენიმე სოფლის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული მონაცემებით, ვერტმფრენი ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან გადმოფრინდა, სოფელ მერეთს, ზარდიაანთკარს და გუგუტიაანთკარს გადაუფრინა და ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

„მეტრონომი“ თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. მინისტრის მრჩეველმა მედიის საკითხებში, იმედა დარსალიამ გვითხრა, რომ პიარის ხელმძღვანელი ამოწმებს შემოსულ ინფორმაციას და  მიმდინარეობს დაზუსტება, დაფიქსირდა თუ არა საზღვრის დარღვევა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს.

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მათი განმარტებით, რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.
“რუსულმა ვერტმფრენმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გაბრუნდა. აღნიშნული საკითხი განხილული იქნება ორმხრივ შეხვედრაზე “, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს.

იტვირთბა....