“დექსამეტაზონი არის ერთ-ერთი მიზეზი სიკვდილიანობის შემცირებისა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების დროს. ყველა კვლევა ადასტურებს ამ პრეპარატის სარგებელს, მაგრამ მხოლოდ იმ პაციენტებში ვისაც ამა თუ იმ ფორმით სჭირდება ჟანგბადი” – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს და ამით იმ კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომელმაც პრეპარატ “დექსამეტაზონის” გამოყენებისას სარგებელი დაადასტურა მხოლოდ ჟანგაბდის საჭიროების მქონე პაციენტებში.
ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “დექსამეტაზონის” გამოყენება მსუბუქ პაციენტებში დაუშვებელია და მისი სარგებელი ასეთ ჯგუფში კვლევას არ დაუდასტურებია. როგორც ნანა გეგეჭკორი წერს, საუკეთესო პრეპარატიც კი უკიდურესად საზიანო შეიზლება აღმოჩნდეს, თუ მას კონკრეტული სამედიცინო ჩვენების გარეშე გამოიყენებ.
“არ შეიძლება დექსამეტაზონის გამოყენება კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულებში. არ უჩვენებია არც ერთ კლვევას ამ ჯგუფში დექსამეტაზონის სარგებელი. მითუმეტეს, არც ერთ კარგად დაგეგმილ, სანდო კვლევაში არ ყოფილა დექსამეტაზონის ის დოზები რასაც საქართველოში ხშირად იყენებენ.
ვისაც ოდნავ მაინც ესმის დექსამეტაზონის მოქმედების მექანიზმი მიხვდება, რატომ არის ის სასარგებლო მხოლოდ იმ პაციენტებში, ვისაც მძიმე ანთებითი რეაქცია აქვს და რატომ არ მეორდება იგივე შედეგი იმ პაციენტებში, ვისაც არ სჭირდება ჟანგბადით თერაპია.
საუკეთესო მედიკამენტიც კი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად მავნე თუ ის ჩვენების გარეშე გამოიყენე. კვლევებს კი სწორად წაკითხვა სჭირდება, რათა იქიდან მიღებული ინფორმაცია სასარგებლო გამოცდილებად იქცეს პაციენტისთვის” – წერს გეგეჭკორი.