aviabiletebi
ახალი ამბები

კომპლექსს, რომელშიც ათობით მილიონი დაიხარჯა, პატრონი არ ჰყავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბევრმა შეწყვიტა აქ სიარული, მტვერზე ალერგია დაეწყოთ – უთხრეს მეტრონომს რეპორტაჟის დროს

 

2015 წლის ზაფხულში, 26 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადისთვის საგანგებოდ აშენდა ოლიმპიური სოფელი, განახლდა არსებული სპორტული კომპლექსები და აიგო ახალი დარბაზები. ამ დარბაზების ნაწილი ე. წ. „ახალი თბილისის“ უბანშია – ეს უბანი დიღმის ხიდებთანაა, მანქანების ძველ ბაზრობასთან, ანუ ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორს. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, მათ შორისაა ტანვარჯიშის დარბაზი, ფრენბურთის არენა, ღია საცურაო აუზი, მძლეოსნობის დარბაზი და სხვა. ყველა ეს ნაგებობა ტრიალ მინდორში, გზისგან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით დგას. ზაფხულში, ოლიმპიადის მიმდინარეობისას მონაწილეები და სტუმრები იქ სპეციალური ტრანსპორტით დაჰყავდათ.

2

„მეტრონომი“ შეეცადა გაეგო, რა მდგომარეობაა ახლა, ოლიმპიადის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, დიღმის ხიდებთან აშენებულ ახალ სპორტულ კომპლექსებში. ჩვენი ფოტორეპორტაჟიდან შეგიძლიათ ნახოთ, რომ შენობების მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია და ნაგვითაა სავსე. დარბაზები ახლაც მუშაობს, თუმცა, მთელი დატვირთვით არა. ეს კი რამდენიმე პრობლემის გამო ხდება; პირველი თვითონ შენობებში გამეფებული ანტისანიტარიაა.

3

ადგილზე მისულებმა გავარკვიეთ, რომ შენობებს დამლაგებელი საერთოდ არ ჰყავს, რომ არაფერი ვთქვათ გარშემო ტერიტორიის დასუფთავებაზე. გასახდელებში, ტუალეტსა და საშხაპეში ანტისანიტარიაა. თითქმის არ არის აუცილებელი მოხმარების საგნები – საპონი, ქაღალდი და ა. შ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ აქაურობა არავის დაულაგებია და არც აპირებენ.

„ამის გამო ბევრმა შეწყვიტა აქ სიარული, მტვერზე ალერგია დაეწყოთ“ – გვითხრა ტანვარჯიშის დარბაზის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა. მან სხვა პრობლემებიც ჩამოთვალა – დროდადრო დარბაზში ელექტროენერგია და გათბობა ითიშება, რადგან, ჩვენი წყაროს თქმით, ელექტროენერგიის დავალიანებაა დაგროვილი. „ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნის წინ ასე იყო“ – გვეუბნება თანაშრომელი. ელექტროენერგიის დავალიანების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტშიც დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ოლიმპიადისდროინდელი დავალიანებების გასტუმრება, რომელიც ახლაც არ არის გადახდილი, თავის დროზე საორგანიზაციო კომიტეტის მოვალეობა იყო, ახლა კი, როცა ამ კომიტეტის ლიკვიდაცია მოხდა, დავალიანებები მერიამ უნდა გადაიხადოს. თუმცა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ ამ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ მერიას ოლიმპიადის დროინდელი კომუნალური გადასახადები – დაახლოებით 39 ათასი ლარი – უკვე დაფარული აქვს და „ახალ თბილისში“ აგებულ სპორტულ კომპლექსებს უკვე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განკარგავს. ასე რომ, ამ ეტაპზე, ზუსტად არავინ იცის ვის ეკუთვნის კომპლექსი, რომელშიც ათობით მილიონი დაიხარჯა. ფაქტი ერთია, კომპლექსი უპატრონოდაა მიგდებული – როგორც იტყვიან, მას პატრონი არ ჰყავს

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოთხი ობიექტის – ფრენბურთის არენის, ტანვარჯიშის დარბაზის, სასტუმრო მოხალისის და მძლეოსნობის არენის მშენებლობა „ახალი თბილისის ტერიტორიაზე“ მერიას 46 მილიონზე მეტი დაუჯდა, თუმცა დღეს ამ შენობებს დამლაგებელიც კი არ ჰყავს.

4

მეორე და ალბათ ყველაზე მთავარი პრობლემა ტრანსპორტია, რომელიც აქ საერთოდ არ დადის. ზემოთაც ვახსენეთ, რომ სპორტული კომპლექსი მთავარი გზიდან თითქმის ერთი კილომეტრითაა მოშორებული. თუ საკუთარი მანქანა არ გყავს, აქ მოხვედრა საკუთარი ორი ფეხის გარდა, მხოლოდ ტაქსით შეიძლება. ეს აგრეთვე დიდ დისკომფორტს უქმნის იმ ხალხს, ვისაც აქ ბავშვების მოყვანა უნდა. ამის გამო, დროთა განმავლობაში შეიძლება ისედაც მწირი მოვარჯიშეების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს და ის სიკეთე, რაც ოლიმპიადის ჩატარებამ დაუტოვა ქვეყანას, ფუჭად დარჩეს.

6

7

არადა, დასანანია – რომ არა ზემოთ აღნიშნული პრობლემები, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ბევრი ადამიანისთვის, ვისაც აქ ბავშვების ტარება უნდა ან სულაც თავად უნდა ვარჯიში.

იმისთვის, რომ აქ საზოგადოებრივმა ტრასპორტმა იაროს, მიკროავტობუსების ორიოდე მარშრუტის უმნიშვნელოდ შეცვლაა საჭირო – ანუ იმ ხაზების მიკროავტობუსებმა, რომლებიც აქ მთავარ გზაზე დადიან, სულ რაღაც ერთი კილომეტრით უნდა დაიგრძელონ გზა, რომ მგზავრები სპორტულ კომპლექსთან მიიყვანონ. ეს თითქოს გადაუჭრელი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ქალაქის ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

იტვირთბა....