ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“პატიმრების შეწყალებისთვის – სარგებელი მილიონნახევარი”

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გადაცემა 20:30-ს ბორჯომიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიაწოდა პატიმრების შეწყალების კორუფციულ სქემაში პოლიტიკოსების ჩართულობის ინფორმაცია.

„ანალოგიური ინფორმაცია მივაწოდე წელიწადნახევრის წინ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს, რომელმაც თვალის დაუხამხამებლად უარყო ეს ყველაფერი, უარყო, რადგან მიხვდა, რომ მეორე ჯერი იქნება მისი, როცა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ციხის კარამდე მივაცილებ, შემდეგ გოგაძის ჯერი დადგება. ამას ვპირდები, რადგან ის ახლა ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას. მე იმედს ვიტოვებ, რომ ბადაშვილი არ გაიმეორებს იმ სამარცხვინო განცხადებას, რაც იკადრა გოგაძემ. ორივემ იცოდა ჩემი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე 2014 წლის გაზაფხულზე. რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსი, ხელისუფლების – ქართული ოცნების წარმომადგენელი საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თვეების განმავლობაში ცდილობდა ჩემზე ზეწოლას, რომ საპატიმროში მყოფი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალება რიგგარეშე, კრიტერიუმების მიღმა, განსაკუთრებული წესით განმეხილა და როგორმე მომერხებინა, რომ პრეზიდენტს ეს ადამიანები შეეწყალებინა. ყოველი შეწყალების წინ რამდენიმე პოლიტიკოსი ძალიან აქტიურდებოდა, ისტერიკამდე მიდიოდა ხოლმე მათი ქცევა, მესიჯები და ზარები. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. ამის შემდეგ მე ძალიან სანდო, სერიოზული ადამიანისგან ინფორმაცია მივიღე, რომ ეს უბრალოდ კი არ ხდებოდა, არამედ ამ პატიმრების შესაძლო გათავისუფლებისთვის წინასწარ ჰქონდა რამდენიმე ადამიანს 200 ათასი დოლარი – ზუსტი თანხაც დამისახელეს – და ჯამში, თუ ისინი მოახერხებდნენ, რომ პრეზიდენტს ეს პატიმრები შეეწყალებინა, მაშინ მათი სარგებელი მილიონნახევარი იქნებოდა.

ეს რომ გავარკვიე, მე საქმის კურსში ჩავაყენე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პროკურატურა. მოკლედ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და საერთოდ ყველა ინფორმაცია მივაწოდე სამართალდამცველებს. სახელებს და გვარებს იმიტომ არ ვასახელებ, რომ ამ ადამიანებმა კვალი არ წაშალონ და მტკიცებულების მოპოვება ძალიან არ გაჭირდეს,“ – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ იმედია პროკურატურა ახლა მაინც მისცემს საქმეს მსვლელობას.

იტვირთბა....