ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული დემოკრატია საფრთხეშია” – ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი

ის რომ ოპოზიცია პარლამენტში არაა  და ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი დააკავა ეს სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო იმიჯს. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და ნატო-ში ყოფილმა წარმომადგენლმა კურტ ვოლკერმა „ინტერპესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ, რასაც შეცდომა უწოდა და მხარეებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, რომ რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ისაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები კარგად ვერ მუშაობს – ოპოზიცია პარლამენტში არაა, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერი დააკავა. ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს, რომ წინსვლა შესაძლებელი გახდეს – ეს საქართველოში კრიტიკული პერიოდია და ორივე მხარემ უნდა იფიქროს მთლიანად ქვეყნის ინტერესებზე, უფრო მეტადაც, ვიდრე საკუთარზე.

ჩემი აზრით, შეცდომა იყო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება, რადგან ამან კიდევ უფრო გაამწვავა პოლარიზაცია. მხოლოდ იმის გამო, რომ შეგიძლია, ვინმე დააპატიმრო, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე. ვფიქრობ, რომ უკვე პოლარიზებული გარემო ამან კიდევ უფრო გააღრმავა. წინსვლის გზაა, თუ მხარეები თავად მოილაპარაკებენ პაკეტზე, გამოსავალზე, სადაც ყველას ცოტ-ცოტა მოუწევს კომპრომისზე წასვლა“, – აღნიშნა ვოლკერმა.

„წარმომიდგენია, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს მელიას შეწყალებას, შეთანხმებას არჩევნების ახალ თარიღზე გარკვეულ მომენტში, (არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ვადამდელი არჩევნების ჩატარება); შეიძლება, მოიცავდეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას – ეს თავად პარტიებმა უნდა მოიფიქრონ, როგორი პაკეტი იქნება სამართლიანი. გარდა ამისა, ჩემი აზრით, არჩევნებში მომხდარი დარღვევების გამოძიება მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია და მთავრობა ამის შესასწავლად ერთად იმუშავებს ერთობლივ კომისიაში და განსაზღვრავს, რამდენად ჰქონდა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა ვოლკერმა.

კურტ ვოლკერმა ასევე სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან განაცხადა, რომ არავის სურს საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება.

„არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს, ეს გასაკვირი იქნებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის, ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ საქართველო წარმატებულია, როგორც დემოკრატია. შესაბამისად, როდესაც საქართველოს მისწრაფებებზე ფიქრობთ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ნატო-ში გაწევრიანებისკენ, იმისკენ, რომ მას ძლიერი, სტაბილური საზოგადოება ჰყავდეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ქვეყანა სუსტდება. ვფიქრობ, ეს არის ის ზიანი, რაც მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას მოაქვს, რაც ქვეყანას და მის შესაძლებლობებსა და გარე ურთიერთობებს ასუსტებს. – აღნიშნა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....