გაზპრომთან მოლაპარაკებები შეიძლება ევროკავშირის აღშფოთების საგანიც გახდეს
ექსპერტი გეოპოლიტიკურ საკითხებში და ყოფილი დიპლომატი, ვახტანგ მაისია, ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, მილერის გუშინდელ შეხვედრას, რომლის დეტალებიც ჯერ არ საჯაროვდება, გაუგებარს უწოდებს.
„მეტრონომი“: ენერგეტიკის მინისტრის „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, მილერთან დახურულმა შეხვედრამ ბევრი კითხვა გააჩინა. რატომ არ არის მოლაპარაკებების დეტალები საჯარო, თუ მხოლოდ „გაზპრომთან“ ურთიერთობის კომერციულ ასპექტებზეა საუბარი?
ვახტანგ მაისაია: თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს რიგით მესამე შეხვედრაა „გაზპრომთან“, როგორც ჩანს, “გაზპრომთან” მხოლოდ სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი არ დგას და არ არის მასთან დაკავშირებული. ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ დამატებითი გაზის შესყიდვა გვჭირდება, კონკურენტუნარიანობის კუთხიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გასასაიდუმლოებელი არაფერი არ იყო, თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურების მიყიდვა-მიწოდებაზე არ არის საუბარი.
„გაზპრომთან“ ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე მოლაპარაკებას ლოგიკა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ენერგო გეოპოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, „გაზპრომი“ საკმაოდ მძლავრი მოთამაშეა. მას მასმედიის მძლავრი აქტივები გააჩნია, 99 პროცენტით რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაშია და შეუძლია ჰყავდეს სპეციალიზირებული შეიარაღებული ძალები თუ სპეცსამსახური. ეს რუსეთის კანონმდებლობიდან გამომდინარეა, რათა დაიცვას მისი აქტივები საზგვარგარეთ.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ანატოლი ჩუბაისის მიერ ლიბერალური იმპერიალური დოქტრინის, საგარეო პოლიტიკური კონცეფციის აუცილებელი ნაწილის მიხედვით, რუსეთი თავის ენერგორესურსებს გამოიყენებს იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.
გასათვალისწინებელია, რომ „გაზპრომი“ და რუსეთი ევროკავშირის მიერ სანქციების ქვეშაა, ასე რომ, მათან თანამშრომლობა და დამატებითი შესყიდვა ევროკავშირის მიერ რბილი აღშფოთების საგანი შეიძლება გახდეს.
შეგახსენებთ, რომ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ და “გაზპრომმა” გაზის ტრანზიტისა და მიწოდების საკითხებზე მსჯელობა გააგრძელა. “გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შორის გუშინ სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა. შეხვედრის დეტალების შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.
კალაძესთან შეხვედრის შემდეგ, ინფორმაცია გაავრცელა “გაზპრომმაც”. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ტეროროტიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდა.
მანა ნოდია