“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი”. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 2020 წლის 29 ივლისს, TV პირველის ეთერში განაცხადა.
“ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები თავად AstraZeneca-სთან. ამავე დროს, ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, ეს არის ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი მთავარი მიდგომა გახლავთ, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს, განვითარებადისთვის თუ განვითარებულისთვის. საქართველო ძალიან კარგად თანამშრომლობს, ამ ალიანსის საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოსგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი“. – თქვა გამყრელიძემ TV პირველის წამყვანის კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო ვაქცინას ერთერთი პირველი.
24 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოს 95 ქვეყანაში 213 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. საქართველოში კი ვაქცინის პირველი დოზების შემოტანის თარიღმა განუსაზღვრელი ვადით გადაიწია.
ფაიზერის ვაქცინის 30 000-მდე დოზა თებერვლის მეორე ნახევარში უნდა შემოსულიყო, თუმცა, “მომარაგების პრობლემის” გამო ჯერ მარტის შუა რიცხვებამდე, შემდეგ კი მარტის ბოლომდე გადაიდო. რაც შეეხება ასტრაზენეკას, ამირან გამყრელიძის თქმით, “თუ არ დაგვაღალატეს, მარტში რამდენიმე ასეული ათასი დოზა მარტში უნდა მივიღოთ”.
“ფაიზერი არის ერთერთი დიდი მწარმოებელი დღეს, უნდა, რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც, პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც კოვაქსიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში, 4 მათ შორის იყო ევროპული, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჯერ [ვერ მივიღეთ], გადაიწია ეს მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით ფაიზერთან მიმართებით” – ამბობს ამირან გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ვაქცინის სამართლიანი განაწილება არ ხდება. მისი თქმით, “დღეს ვაქცინებით ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როცა საშუალო და დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის, სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება”.
აღსანიშნავია, რომ თვეებია, საქართველო Covax-პლატფორმის წევრია და მისგან 700 000 ადამიანის სამყოფი ვაქცინა აქვს ნაყიდი, თუმცა, ჯერ არც ერთი დოზა არ მიუღია. ეპიდემიოლოგები ხშირად იმეორებენ, რომ “ცოტა მეტი გადავიხადეთ”, რათა ქვეყანას ვაქცინის არჩევა შეძლებოდა.
24 თებერვალს, განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა კოვაქსის პლატფორმის საშუალებით მიიღო. ასტრაზენეკასა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი წარმოების ვაქცინის 600 000 დოზა უკვე განაშია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა კოვაქსი გამიზნულია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ვაქცინების თანაბარ გადანაწილებას. პლატფორმის მიზანია წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მთლიანობაში კორონავირუსის ვაქცინის ორი მილიარდი დოზის მიწოდება.
წყარო: ტაბულა