“ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურების, სიღატაკის ამ მძიმე ხვედრს. ისინი ამას გააგრძელებენ, იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ენმ-ის ოფისში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლასა და პარტიის ლიდერის დაკავებას ეხმიანება.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.