ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ჩემს ცოლს ფანჯრიდან უჭვრეტდა“ – რატომ იხდის სასჯელს ტარიელ ონიანი

73 წლის ტარიელ (ჯაბა) ონიანი, რომელიც  სასჯელს რუსთავი მე-16 დაწესებულებაში იხდის, გამოცემა “პრაიმტაიმთან” ჰყვება, თუ რატომ გამოასალმა სიცოცხლეს მეზობლის კაცი, რომლის ძმასაც ის, ცოლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, 73 წლის ტარიელ (ჯაბა) ონიანი, გათავისუფლებამდე 4 წელზე მეტი დარჩა

„სვანეთში, სოფელ სასაში ვცხოვრობდი. ჩემგან 300 მეტრში ცხოვრობდა ოჯახი, ცოლ-ქმარი პედაგოგები არიან, ჩემი შვილები მათი მოსწავლეები იყვნენ, მათი მშობლები კი ჩემი მასწავლებლები. ერთ დღეს ქუთაისში ვიყავი გასვენებაში წასული.

ჩემმა მეუღლემ დამირეკა შეშფოთებულმა. ჩემი არყოფნის დროს, ღამით, როდესაც ჩემი მეუღლე საძინებელში შევიდა დასაწოლად, ვიღაც ფანჯრიდან უჭვრეტდა თურმე. დაუნახავს ჩემს მეუღლეს, უცნია ეს ჩვენი მეზობელი მათემატიკის მასწავლებელი, წივილ-კივილი აუტეხავს და გაჰკიდებია, მაგრამ ის გაქცეულა.

ჩამოვედი სასწრაფოდ, მომიყვა დაწვრილებით, მაგრამ არ მითხრა, რომ იცნო. მაშინ ყურადღება არ გავამახვილე, მეუღლეც დავამშვიდე, – მახინჯია ვიღაც, ყურადღება არ მიაქციო-მეთქი.

მეორედ და მესამედაც რომ განმეორდა იგივე, თან მაშინ, როცა მე შინ არ ვიყავი, მეუღლე მამაოსთან მისულა, მე კი მიმალავდა, რომ კონფლიქტი არ მომსვლოდა. მამაომ მიიყვანა ეკლესიაში ეს კაცი და გააფრთხილა, რომ ჩვენს ეზოსთან არ გაევლო.

დამნაშავეს არ უარუყვია, ბოდიში მოიხადა თურმე, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის მერე ისევ იგივე გაიმეორა. ჩემმა მეუღლემ ისევ მამაოს უთხრა. მამაომ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და ყველაფერი მიამბო. ვუთხარი, სამ დღეს ვაძლევ და სოფელი დატოვოს, თუ არა და სისხლს დავღვრი-მეთქი“, – ამბობს ტარიელ (ჯაბა) ონიანი.

მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იმ მამაკაცმა სოფელი არ დატოვა, რის გამოც „იძულებული გახდა მისი ოჯახის ღირსება დაეცვა“. ონიანმა მისი სახლის ჭიშკართან ზემოხსენებული კაცის ძმა შენიშნა და მისი მოკვლა გადაწყვიტა.

„რომ არ დაადგა სოფლიდან მათი წასვლის ამბავს საშველი, კიდევ შევახსენე შუამავლებს და ამბავი მომიტანეს, რომ მუხრანში მცხოვრებ ძმას, გივის დაურეკეს და იმან უთხრა, სულ ფეხებზე მკიდია, ეგ რას იტყვის, მე ძალიან კარგად ვარ და მაგას თუ შერიგება არ უნდა, რაც უნდა, ის გააკეთოსო. ძმა არ აძლევდა სოფლიდან წასვლის უფლებას, თორემ ეს, უშუალო დამნაშავე ალბათ წავიდოდა.

ერთ დღეს ეზოდან დავინახე, რომ ხარები სხვას გაატანა ისე, რომ ჩემს ჭიშკართან არ ჩამოიარა და გამიხარდა, – მომერიდა-მეთქი. მეზობელსაც გავუზიარე ჩემი აზრი.

არ ვიცი, ამ მეზობელმა დაურეკა და უთხრა თუ უბრალოდ, დამთხვევა იყო, რომ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ეზოში შეშას ვჩეხდი და დავინახე, გივი გზაზე მოდიოდა. შევცბუნდი. შეშის გროვაზე ავედი, დასამალი რა მქონდა, მკვლელობას ვაპირებდი და რატომ დავიმალებოდი?

ვხედავ, მოდის ჩემი ჭიშკრისკენ და უცებ მეზობელთან შევიდა, რომელიც ჩემიდან 50 მეტრში ცხოვრობს. 12-კალიბრიანი სანადირო თოფი მქონდა სახლში და გამოვიტანე. უფროსი ბიჭი  ბიძაშვილს ეხმარებოდა სათიბში, მეორე შვილს ეძინა, მეუღლე ბოსტანში იყო და თოფი ისე გამოვიტანე, არავის დაუნახავს.

მეზობლის ეზოში რომ შევიდა, ვიფიქრე, შევყოლოდი, მაგრამ იქვე უარვყავი ეს აზრი, რადგან სხვის ეზოში რა მინდოდა? ეს არაკაცურია. თან იმ მეზობელს, ეზოს მეორე მხარეს ჭალაში გასასვლელი ჰქონდა.

ვიფიქრე, შეიძლება იმ გასასვლელით გავიდეს-მეთქი და გამიხარდა კიდეც, რომ ავცდებოდი მკვლელობას, მაგრამ ცოტა ხანში დავინახე, რომ უკან გამოვიდა. ჭიშკარი რომ გააღო, ვიფიქრე, თუ თავისი სახლისკენ წავიდოდა, ზურგით იქნებოდა ჩემსკენ და ვერ ვესროდი, კაცს ზურგიდან არ უნდა ესროლო, მაგრამ ადგა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. – არ გინდა, სიცოცხლე? შენი დედაც-მეთქი – ვგლიჯე და გავაგორე“, – ამბობს პატიმარი.

იტვირთბა....