ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ოცნებაში” ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გიორგი გახარია” – ანზორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას მამა, კარდიოლოგი ანზორ მელია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება. ანზორ მელიას განცხადებით, მისი შვილის დაკავება უკვე ვერ მოხდება, რადგან ხელისუფლებამ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა და ხალხი ამის საშუალებას აღარ მისცემს.

„ქართულ ოცნებაში” ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გიორგი გახარია, ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ სიტუაციაში მიიღო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და თავიდან აიცდინა სისხლისღვრა და დაპირისპირება ქართველებს შორის. მე ყოველთვის მომწონდა გახარია და მისი გადადგომით „ქართულმა ოცნებამ” რეიტინგი გაანულა უკვე. ვის? კობახიძეს და მდინარაძეს ქართველი ხალხი მისცემს ხმას? მხოლოდ გახარიას აძლევდნენ და გახარია იყო ავტორიტეტი. ის ჩვენთვისაც ავტორიტეტი იყო, მე მასთან პირადი შეხვედრა მქონია და ვგრძნობდი, რომ გახარია იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი.

ნიკა „ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ მოქმედებს, ეს ახალი “ეროვნული მოძრაობაა” მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა საქართველოს დასაცავად. არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა რომ გავრილოვმა ჩვენი შვილები დაიჭიროს. ამის უფლებას ჩვენ ვერ მივცემთ და ჩვენ რუსეთის მონა არ ვართ და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გაბრწყინდეს. ნიკას ვერ დააკავებენ, მათ გაუშვეს ეს მომენტი ხელიდან და ხალხი ამის საშუალებას არ მისცემს”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. 

იტვირთბა....