” ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას”- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.
ელჩი ხაზს უსვამს ორი საკითხს – სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი.
„რა თქმა უნდა, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახე, რომ პოლიტიკურ სივრცეში ტემპერატურა კვლავ ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.
რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, – აღნიშნა ჰარცელმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 88 დეპუტატის ხმით შეუჩერდა.

