პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება. პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლე ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 88 დეპუტატის ხმით შეუჩერდა.
ინფორმაციითვოს, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა, რის შემდეგაც პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მიიღო. პროცედურულად, კი პროკურატურამ ჯერ პარლამენტს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, როს შემდეგაც ის სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავდა.

