ნინა წკრიალაშვილი: “ვიღაცას ჰგონია, რომ მაგრად მამწარებს, არადა მეცინება”
დედაქალაქში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტის მონაწილეთა სია უკვე ცნობილია: მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბედია, სოფო გელოვანი, გიორგი მახარაშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ეკა დოლიძე, ნოდიკო ტატიშვილი და ოთო ნემსაძე. კულტურის სამინისტროს მიერ რეგიონებში მოწყობილ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
თბილისის საახალწლო კონცერტზე რამდენიმე ცნობილი მომღერალი კვლავ ვერ მოხვდა. საზოგადოებაში ისევ გაჩნდა კითხვა. ცენტრალურ კონცერტებში მონაწილეებს პოლიტიკური ნიშნით ხომ არ ირჩევენ? „მეტრონომი“ დაუკავშირდა რამდენიმე მომღერალს, რომელიც თბილისის საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ნინა წკრიალაშვილი: “ვერ გეტყვით საახალწლო კონცერტებისთვის მონაწილეთა სიები პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ირჩევა თუ არა. მე არ ვიქნები ამ საახალწლო კონცერტზე. თბილისში ჩასატარებელი ეს კონცერტი ჩემზე უფრო ახალგაზრდა მომღერლებით არის დაკომპლექტებული. ეს ბუნებრივიცაა. არ შეიძლება ყველა კონცერტი კათარზისივით იყოს – ყველა მღეროდეს. ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო როგორც წინა წელს, ახლაც სხვადასხვა რეგიონებში გააკეთებს კონცერტებს. თუ მივხვდები, რომ იქაც ყველა მონაწილეობს და მე არ ვარ, მაშინ ვიფიქრებ, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება მონაწილეთა შერჩევა. ისე, რა დროს პოლიტიკაა, ამაზე მეცინება. თუ მივიღებ საახალწლო რომელიმე კონცერტში მონაწილეობას, კარგი იქნება, თუ არა, ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას. რადგან ასე გადაწყვეტენ, ასეა საჭირო, ალბათ. ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამ და გულთან ახლოს არ მიმაქვს. მეღიმება.
„მეტრონომი“: ნინა, არცერთ ცენტრალურ კონცერტზე აქამდე მოწვევა არ მიგიღიათ?
– არც ერთ კონცერტზე არ დამკავშირებიან. ერთადერთი, მგონი 2013 წელს, კონცერტზე ყველამ ვიმღერეთ. ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი თემატურად გაკეთებული კონცერტები და ამგვარ კონცერტებში ყველა ვერ იმღერებს. თუნდაც იმიტომ, რომ ზოგს ასაკი არ უწყობს ხელს, ზოგს გარეგნობა, ხმა და ა.შ.
არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, ღმერთმა ქნას, რომ ყველა კონცერტი კარგად ჩატარდეს. მეცინება პოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე, რომ ლაპარაკობენ, სად არის ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა. არცერთ ცენტრალურ კონცერტში არ მაკავებენ და ვიღაცას ჰგონია ალბათ, რომ მაგრად მამწარებს, არადა მეცინება. საქართველოში ამ ეტაპზე განვითარებულ ვერცერთ მოვლენას ვერ აღვიქვამ სერიოზულად, აქედან გამომდინარე, არც ვბრაზდები”.
ნინი ბადურაშვილი: “დაბლოკილთა სიაში ნადვილად არ ვარ. უბრალოდ ორგანიზატორის კონცეფციაში ვერ ჩავჯექი. საერთოდ არ ვარ ნაწყენი, ბათუმში მაქვს კონცერტი და მიხარია, რომ 31 დეკემბერს ჩემს საყვარელ ქალაქში შევხვდები. რაც შეეხება თბილისის კონცერტს, როგორც გავიგე ძალიან განსხვავებულს და ორიგინალურს გვპირდებიან. დიდი სიამოვნებით შევხედავ, თუ დრო მექნება”.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერიის პრესსამსახურს.
„მეტრონომი“: ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მერიამ უკონკურსოდ მიიღო საახალწლო პროექტები. უნდა გამოგეცხადებინათ კონკურსი?
ნუცა აბაშიძე, მერიის პრესსამსახური: კონკურსი არ უნდა გამოცხადებულიყო. თვითნებურად გაესვა ამას ხაზი. ჩვეულებრივად, წინა საახალწლოდ მერიაში შემოდის სხვადასხვა პროექტები-გარევაჭრობასთან თუ კონცერტებთან დაკავშირებით. ეს პროექტიც ასე შემოვიდა, შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს, მოიწონეს და ასე შეირჩა. არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ კონკურსი გამოცხადდეს.
– ყველა დაინტერესებულ პირს ექნებოდა ინფორმაცია, რომ მერიაში შეეძლოთ პროექტის შეტანა, თუ კონკურსი არ გამოცხადებულა?
– ეს არ დაგვიანოსნებია, მაგრამ ჩვენთან წლის განმავლობაში ათი ათასობით წერილი შემოდის, ხელოვანმა ადამიანებმა მითუმეტეს იციან, რომ პროექტის შემოტანა შეუძლიათ. ჩვენ ეს არ დაგვიანონსებია.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით დათო ოქიტაშვილსაც, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ღონისძიების ორგანიზებაში.
დათო ოქიტაშვილი: მიშა მდინარაძე, ვინც წელს აკეთებს ახალ წელს, თვლის რომ მის კონცერტზე ამ ადამიანებმა უნდა იმღერონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.
„მეტორნომი“: რატომ გაჩნდა ვერსიები, რომ პოლიტიკური ნიშნით ირჩევა მონაწილეები?
– პოლიტიკური ნიშნით ნამდვილად აღარავინ არ ირჩევა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს მიეცა იმის საშუალება, რომ რაც უნდა ის აკეთოს. მე რომ ოლიმპიადას ვაკეთებდი, პრემიერ-მინისტრმა ორჯერ თქვა, რომ უნდა დამთავრდეს საქართველოში „იმისანი -ამისიანის“ დროო. რატომ ღიზიანდებიან ვერ ვხდები, ეს ადამიანები არავის არჩევენ პოლიტიკური ნიშნით. მიშა მდინარაძე, ორგანიზატორი, ნიჭიერი ადამიანია და ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. წინასწარ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ახალ სახეებსც უნდა მიიეცეთ საშუალება რომ გამოჩნდნენ. სულ ძველი სახეები.. სწორად გამიგეთ.
მანა ნოდია