თბილისის ვიცი-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სასტუმრო ბუდაპეშტის“ საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გზაა, მესაკუთრემ მიიღოს მუნიციპალიტეტის შეთავაზება, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. დღეს თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
„ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო შეთანხმება იმაზე, რომ რაც დღეს გააკეთეს, ვგულისხმობ ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას, უკანონოა და ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს. მეორე ის, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ადგილმონაცვლეობის შეთავაზება მათი უფლებების დაცვის, მათი კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით. ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა, შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღევანდელ შეხვედრაზე რაც მათ გააჟღერეს, იყო ის, რომ ააშენებენ რესტორანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ მათთან მოლაპარაკება დავიწყეთ, საუბარი იყო რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით რაღაც უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე. ჩვენთვის ნაგებობის ფუნქციას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რა ინტენსივობის მშენებლობაზეა საუბარი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივედით იქამდე, რომ ერთადერთი სწორი ვარიანტია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, მათივე პოზიციებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები და დაილაპარაკებენ“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ინვესტორი საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მიიღებს და ადგილმონაცვლეობას დათანხმდება.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დაგვერწმუნებინა ინვესტორები, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით, არის ის, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმის მიზეზი, რომ ისინი არ თანხმდებიან ადგილმონაცვლეობას არის ის, რომ აქ სასტუმროს აშენების იმედი აქვთ. ადრე თუ გვიან, მივალთ იქამდე, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ისეთი ქმედებით, როგორსაც დღეს დილით მიმართეს და ვერც ვერანაირად ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ. საბოლოო ჯამში მივალთ ადგილმონაცვლეობასთან“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.