ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არასოდეს მომიწევია მარიხუანა, მით უფრო, იაგო ხვიჩიასთან ერთად” – კახა კუკავა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის, კახა კუკავას განცხადებით, მარიხუანა არასდროს მოუწევია. ამით ის გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც განაცხადა, რომ მას კახა კუკავასთან ერთად მარიხუანა აქვს მიღებული. როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, “გირჩი” სახელისუფლებო ბანაკშია და მის გზავნილებს იმეორებს.

“თავიდანვე ეს იყო პროვოკაციაზე გათვლილი ნაბიჯი, როცა მოვიდნენ შეხვედრაზე, რომელზეც არ იყვნენ მოწვეულები. მე რომ მივიდე “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე, შევაჭრა მათ პოლიტსაბჭოზე და ვთქვა, რომ გინდა თუ არა მომისმინეთ, ხომ იქნება ეს ცალსახა პროვოკაცია?! სწორედ ასეთი ნაბიჯი გადადგეს ამ ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ მოწვეულნი. როცა მოვიდნენ, სთხოვეს, რომ დაეტოვებინათ შეხვედრა და ამის შემდეგ იყო სიტყვიერი გადაძახილი. მე პირადად, ადამიანურადაც დამწყდა გული, რადგან წლების მანძილზე მქონდა მათთან ურთიერთობა. არასოდეს არ მომიწევია მარიხუანა, მით უფრო, იაგო ხვიჩიასთან ერთად. მის ყველა განცხადებას ხომ არ გამოვეხმაურები, დილითაც არასწორად გამოიტანა შიგნიდან ინფორმაცია და გამოვეხმაურე ჩემი ფეისბუქის მეშვეობით. ცუდია, რომ ადამიანებს ასეთი განცხადებების გაკეთება უწევთ, მაგრამ კარგია, რომ “გირჩი” უკვე ხელისუფლების ბანაკშია და არა ოპოზიციის, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამით მხოლოდ გაძლიერდება.

ისინი შემდგარი არიან ელისაშვილის გზაზე. გასაგებია, რომ მათი ბოლო პარლამენტშია და ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელება. ისინი იმეორებენ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მესიჯბოქსის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. დღესაც იმიტომ მოვიდნენ შეკრებაზე, რომ გაეკეთებინათ სამთავრობო ტელევიზიებისთვის ჰედლაინები, რომ ხმაური და გაწევ-გამოწევა იყო ოპოზიციის შეკრებაზე. ისინი ასევე იმეორებენ ხელისუფლების მესიჯბოქსის ძირითად გზავნილს, რომ ყველა, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და უპირისპირდება ხელისუფლებას, მიშას თამაშს თამაშობს. ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ არის კობახიძის, მდინარაძის და ა.შ. მესიჯები. ისინი უკვე სახელისუფლებო ბანაკში არიან, ამაში ჩვენ არ ვერევით, უბრალოდ ვთხოვთ, რომ იარონ კობახიძე-მდინარაძესთან თათბირებზე და და ჩვენს შეკრებებზე რაიმე დისონანსის მოსაწყობად ნუღარ გამოცხადდებიან,” – განაცხადა კახა კუკავამ.

ცნობისათვის, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციის ლიდერებთან ბევრთან მოუწევია, მათ შორის კახა კუკავასთან ერთადაც.

აღნიშნულით იაგო ხვიჩია კახა კუკავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე “გირჩის” ლიდერები “დაბოლილები” მოვიდნენ.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა  გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ენმ-ის თავმჯდომნარეს ნიკა მელიას შეეხო. შეხვედრაზე განსახილველი იყო, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას.

პარტია „გირჩის“ წევრებმა, იაგო ხვიჩიამ, სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს. მათ მიზეზად განაცხადეს, რომ ოპოზიციური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს. 

იტვირთბა....