ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები ვერ გადაადგილდებიან. სატვირთო ავტომანქანების კოლონა მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული. მძღოლების თქმით, ადგილზე 4-5 დღეა დგანან და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ მიდიან.
“ციტრუსი მიგვაქვს, რომელიც მალფუჭებადია და შესაძლოა სერიოზული ზარალი ვნახოთ” – აცხადებენ მძღოლები.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ მისამბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომრის პირველი მოადგილის, ნუგზარ გასვიანის განცხადებით, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.
“თავად ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობებიდან გამომდინარე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ე.წ. ტრაილერების გადაადგილება ხორციელდება ცალმხრივი მიმართულებით – ან გუდაურიდან კობის მიმართულებით, ან კობიდან გუდაურის მიმართულებით. სავარაუდოდ, დილით მოძრაობა განახლდება ჟინვალიდან მლეთა-გუდაურისა და კობის მიმართულებით. ჩვენი ვარაუდით, ხვალ საღამოსთვის უკვე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაცილებით ნორმალურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა გასვიანმა.
ინფორმაციას ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.