აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სამარცხვინოა, რომ საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა – მოიცადეთ და ნახავთ, რას დავამტკიცებთ ასამბლეის მომავალი წლის ჩარლსტონის შეხვედრაზე” – ჯო უილსონი

სამარცხვინოა, რომ საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მაშინ დატოვა, როდესაც ასამბლეამ ჩემი რეზოლუცია დაამტკიცა, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი 8 ივნისს ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჯო უილსონის განცხადებით, „რეზოლუცია გმობს პროირანულ ტერორისტულ მაფიოზურ რეჟიმს, რომელმაც საქართველო ხელში ჩაიგდო“.

„მოიცადეთ და ნახავთ, რას დავამტკიცებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი წლის ჩარლსტონის შეხვედრაზე“, – წერს უილსონი X-ზე.

ასევე, უილსონის თქმით, მოხარულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მისი რეზოლუცია მიიღო.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად და ომის დამნაშავე პუტინის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმის წინააღმდეგ!“, – აცხადებს უილსონი.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ჯო უილსონი ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასევე, უილსონის განცხადებით, „იმედგაცრუებულია, რომ მისმა კოლეგამ 2027 წლის ჩარლსტონის ყოველწლიური სესია გაუქმებულად უკანონოდ გამოაცხადა“.

საქმე ეხება ორ „რესპუბლიკელ“ მაღალჩინოსანს, მისისიპის შტატის სენატორს, როჯერ უიკერსა და სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელს, ჯო უილსონს შორის დავას. გამოცემა Semafor-ის ინფორმაციით, უილსონი 2024 წლიდან ლობირებდა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი წლის სესია მის მშობლიურ შტატში გამართულიყო. თავიდან ამ იდეას უიკერის ეთანხმებოდა, თუმცა მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა და უილსონს აცნობა, რომ შეხვედრას ჩარლსტონი ვეღარ უმასპინძლებდა.

უილსონის თქმით, უიკერი მას ევროპაში დატოვებითაც დაემუქრა და დელეგაციის რეისით ვაშინგტონში დაბრუნებაც კი აუკრძალა.

უილსონი აცხადებს, რომ მიზეზი თანხების გამოყოფას ეხება, კერძოდ ღონისძიებისთვის დაფინანსება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა, თუმცა სენატს ჯერ არ დაუმტკიცებია, რასაც სენატორი უიკერი იყენებს იმისთვის, რომ ასამბლეის მომავალი წლის სესიის ჩარლსტონში ჩატარებას ხელი შეუშალოს.

ჯო უილსონის ოფისის ცნობით, ჩარლსტონში დაგეგმილი ღონისძიება ჯერ არ გაუქმებულა, ხოლო უილსონმა უიკერს მოუწოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

იტვირთბა....