იტალია შპიონაჟის გამო რუსეთის საელჩოს ორ სამხედრო ატაშეს აძევებს, მათ ქვეყანა 3 დღის ვადაში უნდა დატოვონ.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გააძევოს რომში რუსეთის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე.
ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ X-ზე დაწერა. იტალიის საგარეო უწყების გენერალურმა მდივანმა რომში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ ატაშეებმა – ივან გორბაჩოვმა და მიხაილ ასტახოვმა – იტალია 3 დღის ვადაში უნდა დატოვონ.
“მოსკოვი აგრძელებს თავისი ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებას დასავლეთსა და იტალიაზე თავდასხმისთვის. ეს არის სერიოზული და მიუღებელი ჩარევა იტალიური ინსტიტუტების საქმიანობასა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში“ – განაცხადა ტაიანიმ.
ატაშეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ რომში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, სადაზვერვო სამსახურების ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. მიჩნეულია, რომ ისინი საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ რუსეთის დაზვერვის სავარაუდო აგენტს, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს.
გასულ კვირას შვედეთში ჯაშუშობის ეჭვმიტანილობით ორი ადამიანი – ჩინეთისა და მალაიზიის მოქალაქეები დააკავეს.

