ოპოზიცია 25 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში მშვიდობიან აქციას გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განუცხადა.
მელიას თქმით, ეს თარიღი შეირჩა სიმბოლურად, ქვეყნის გასაბჭოებიდან 100 წლისთავზე.
მელიას ინფორმაციით, მსგავსი აქცია 31 მარტსაც არის დაგეგმილი.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, დღეს, როცა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება მოახერხეს, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით გავაპროტესტოთ. 100 წლის თავზე საქართველო კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როცა მტრულად განწყობილი, ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები იგივე საფრთხის შემცვლელები არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. იგივე შეცდომა კვლავ რომ არ დავუშვათ და პრობლემა გადავჭრათ, რომლის წინაშეც ვდგავართ, თბილისსა და ბათუმში გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა- მანიფესტაცია. ამავე დროს ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება 31 მარტს, ასევე მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ისტორიაში“ , – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის და ხელისუფლრბა ვერც მის დაკავებას მოახერხებს.

