ახალი ამბები

ინტერპოლმა ბანდიუკოვი ძებნილთა სიიდან ამოიღო, მას საქართველოდან ექსტრადიცია მაინც ემუქრება

საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსით მყოფ ალექსანდრ ბანდიუკოვს, რომელიც რუსეთში პუტინის რეჟიმს ებრძოდა, ექსტრადიცია ემუქრება.

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ბანდიუკოვი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან უკვე ამოიღეს. თავად, რუსეთის მოქალაქე, ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული გამოძიება მის წინააღმდეგ არის ფალსიფიცირებული და ეს ინტერპოლმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა.

ამ ეტაპზე, ბანდიუკოვი კლინიკა ჯერარსში იმყოფება. ის საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს. რუსეთის მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ მოსკოვთან გარიგებაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი ქვეყნიდან გაძევება მაქსიმალურად სწრაფად სურს. მან გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტს მიმართა საქართველოს წინააღმდეგ.

“მე უკვე ამომიღეს ინტერპოლის სიიდან. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ საქმე აღძრა. ეს სარჩელი უკვე 2 თვეა, რაც შეტანილია და ქართულმა მხარემ პასუხი უნდა გასცეს. ცდილობენ მალე გამგზავნონ აქედან, რადგან ძალიან დიდ პრობლემებში არიან. სპეციალურად არ გამიგრძელეს ჰუმანიტარული სტატუსი.

დოკუმენტი, რომელიც ექსტრადიციაზე გამოგზავნეს ფალსიფიკაციაა, ინტერპოლმა განიხილა და ამომიღო საერთაშორისო ძებნილთა სიიდან. ინტერპოლსა და პროკურატურაში არსებული დოკუმენტი ერთი და იგივეა და ის ყალბია. ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან საქართველოს ხელისუფლების ხელით. ძალიან ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა ბანდიუკოვმა.

მის უფლებებს EMC იცავს. ორგანიზაციის იურისტი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ბანდიუკოვს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“მისი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მისი ტრანსპორტირებაც არ შეიძლება. ამ პირობებში, ამ ადამიანის მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღება უკანონოა და უსამართლოა. სერიოზული პრობლემაა. ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილია აშკარა ლოიალობა რუსეთის მიმართ. გახშირებულია რუსეთში ადამიანების ექსტრადირება”, – ამბობს იურისტი.

ბანდიუკოვი საქართველოში მეუღლესთან ერთად 2018 წელს ჩამოვიდა და პოლიტთავშესაფარი მოითხოვა. 2019 წელს ის დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა.

წყარო: ფორმულა

იტვირთბა....