ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებების სახით. მისივე თქმით, „მათ შორის მაგალითად განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის”.
„ეს არის წინასასამართლო სხდომა, რომელზეც დავაყენეთ შუამდგომლობები ჩვენი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ამავდროულად, დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია.
ეს არის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები და ბუნებრივია ამას ჩვენ მტკიცებულებად წარვაგდებთ, რადგან ასეთი ფორმით გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამისობაში არის ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომელიც ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული საქმეში,”- აცხადებს სადრაძე.