გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე “ტოიოტა ქამრის” ბრალდენულის, ვასილ მახარაძის მიერ მიცემულმა ჩვენებამ ბრალდების მხარის ვერსია თავდაყირა დააყენა.
როგორც გიორგი გელხაურმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვასილ მახარაძემ დაადასტურა, რომ მასთან ერთად მანქანაში ზ.ხ. და ვახტანგ ჩიქოვანი იმყოფებოდნენ, დანარჩენი სამი პირი კი ფერად შენობასთან იყვნენ.
„ვასილ მახარაძემ მართლმსაჯულებას და სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს, გიორგი შაქარაშვილს 5 პირი მისდევდა, სცემეს და წყალში ჩააგდეს. ვასილ მახარაძემ ნათლად და ცალსახად განმარტა, როცა ის მანქანასთან მოსაბრუნებლად მივიდა, მასთან ერთად ორი პირი – ზ.ხ. და ვახტანგ ჩიქოვანი იყვნენ. შესაბამისად, ვერსია, თითქოს, ეს პირები მისდევდნენ შაქარაშვილს და შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აბსურდია. დანარჩენი 3 პირი თუ სად იყო, ეს ნათლად განმარტა მახარაძემ და თქვა, რომ ისინი ფერად შენობასთან იყვნენ.
ფერადი შენობის შემდეგ ვინმე სადმე წავიდა თუ არა, ეს მახარაძემ არ იცის. ეს არის ზუსტად ის გამამართლებელი მტკიცებულება, რომელიც დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა სასამართლოს წინაშე და ზუსტად ამიტომ არ უნდოდა ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიიდან ვასილ მახარაძე გამოეძახებინა და მას სასამართლოსთვის რეალური გარემოება აღეწერა. ვინმემ ვინმე მოკლა თუ არა, ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს დღემდე არ წარმოუდგენია“, – განაცხადა გელხაურმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. რაც შეეხება “ტოიტა ქამრის” ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.