მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე როცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ბრალდებული, “ტოიოტა ქამრის” მძღოლი, მორაგბე ვასილ მახარაძე აძლევს ჩვენებას.
როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა, არ აქვს მოლოდინი, რომ ვასილ მახარაძეგამოძიებას სწორ ჩვენებას მისცემს.
“სიმართლე გითხრათ, იმის მოლოდინი, რომ ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის, ბრალდების მხარეს არ აქვს. ვასილ მახარაძე ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეს იტყვის, ეს სიმართლე მისი საწინააღმდეგო და მამხილებელი ინფორმაცია იქნება დანარჩენი ბრალდებულებისაც. აქედან გამომდინარე, ვასილ მახარაძე დღევანდელ სხდომაზე ყველანაირად შეეცდება დანარჩენი ბრალდებულები და მათი ერთიანი პოზიცია დაიცვას. ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდი არ არის, ციხის ვიდეოჩანაწერები ყველამ ნახა, იქაც არის საუბარი იმაზე, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე იქამდე, სანამ ჩვენებას მისცემდნენ, შეთანხმდნენ, თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ გამოძიებისთვის. ამ ეტაპზეც ისინი შეთანხმებულები არიან რა ჩვენება მისცენ სასამართლოს”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ვასილ მახარაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემსწრე, ყაზარაშვილი პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიების ეტაპზე ვასილ მახარაძეზე ასეთი ინფორმაცია ექნებოდათ, მას ბრალი დაუმძიმდებოდა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. რაც შეეხება “ტოიტა ქამრის” ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.