თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია ასაკსა და დიაგნოზზე უარყვეს
გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების მორიგი ფაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში 4 წლის გოგონა მწვავე ვირუსული ინფექციით – ჩუტყვავილით გარდაიცვალა. ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ბავშვთა ინფექციურმა საავადმყოფომ პატარის მიღებაზე უარი განაცხადა.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელს თამარ ჩეჩელაშვილს, რომელმაც პაციენტის გარდაცვალების ფაქტი დაგვიდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ინტერნეტ სააგენტოების ნაწილმა ინფორმაცია არასწორად გაავრცელა.
თამარ ჩეჩელაშვილი: “ინფორმაციას გიდასტურებთ პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ასაკი სიმართლეს არ შეესაბამება. კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, კანონი გვიკრძალავს. ვერც დიაგნოზს გეტყვით. რა დიაგნოზიც გავრცელდა, არასწორია. თუ მშობელი გაასაჯაროვებს ინფორმაციას, ამ დროსაც კი გარკვეულ ფარგლებში შეგვიძლია კომენტარის გაკეთება. ერთ -ერთი სააგენტოს მიერ ჩემი სახელით გავრცელებული ინფორმაცია წერია. მე არ გამიკეთებია ეს კომენტარი და დიაგნოზი არ მითქვამს. პაციენტის გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ, მეტს ვერაფერს გეუბნებით”.
„მეტრონომი“: როგორც გავიგეთ, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს?
– დიახ, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.
– რატომ გახდა მისი გადარჩენა შეუძლებელი?
– ამას უკვე ვეღარ გეტყვით. მითხრეს რომ იურიდიულად კანონი კრძალავს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.
მანა ნოდია