ქალი, რომელმაც ჩხოროწყუში მოსწავლეებს ტუალეტების დასუფთავება დაავალა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველაფერი სკოლის დირექტორთან, ნონა თოდუასთან შეთანხმებით მოხდა და შრომა სათაკილო არაა.
ამასთან, როგორც ეთერ ჯაფარიძემ მედიასთან დასძინა, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან იტყვიან – “ამ ქალს ჩვენთვის სიკეთე უნდოდაო”.
“რომ გაიზრდებიან იტყვიან, ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო. ოჯახს რომ გაუჭირდეს, ცოლ-შვილის გულისთვის, თუ ქმარ-შვილის გულისთვის შეიძლება რომ ესეთი საქმე არ ითაკილო” – განაცხადა მედიასთან ეთერ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ინტენეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასუფთავებინებდნენ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოს.
ცნობისთვის, ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.

