“უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
როგორც გამყრელიძე მედიასთან განმარტავს, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ კოვიდპანდემის დამარცხება უმთავრესად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
„პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდ პანდემია დამთავრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.