დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, პირველი 3 თვის განმავლობაში არ აიცრებიან.
მისივე განმარტებით, თუ მოსახლეობის 60% აიცრება, ამით ქვეყანაში სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება, რაც თავის მხრივ კორონავირუსის დამარცხებას გამოიწვევს.
„ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ჩვენი ბოლო რეგულაციებით დადგენილია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს არ აიცრება. ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.