“მიშველეთ, ვერ სუნთქავსო – სასოწარკვეთილი კიოდა. ბავშვი ორ ბეტონის ფილას შორის იყო მოყოლილი და უკვე სუნთქვა უჭირდა,” – ასე იხსნებს “ამბები.გი”-სთან ინტერვიუში ზუგდიდის სახანძრო-სამაშველოს სამმართველოს უფროსი, დიმიტრი ბარამია შენობის ჩამონგრევის მძიმე დეტალებს.
როგორც დიმიტრი ბარამია გამოცემასთან ამბობს, ადგილზე მისულებს გაფითრებული დედა დახვდათ, რომელიც მაშველებს იმ ადგილისკენ მიანიშნებდათ, სადაც 10 წლის ბავში ნანგრევებში იყო მოყოლილი.
“ორსართულიანი, მიტოვებულივით შენობაა, კაპიტალური, ადრე დევნილები ცხოვრობენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს დედა და შვილი ყოფილან. ინფორმაცია შემოვიდა, შენობა ჩამოინგრა და ბავშვია მოყოლილიო… ძალიან სწრაფად მივედით ადგილზე. ეს არის ე.წ. საკონსერვოს ტერიტორიაზე არსებული შენობა. ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა – გაფითრებული და შეშინებული დედა ადგილს გვითითებდა, სადაც ბავშვი იყო მოყოლილი…
მიშველეთ, ვერ სუნთქავსო – სასოწარკვეთილი კიოდა. ბავშვი ორ ბეტონის ფილას შორის იყო მოყოლილი და უკვე სუნთქვა უჭირდა. ის ფილები კედელზე იყო მიბჯენილი, თუმცა მათ შორის მცირედი სივრცე იყო, სადაც ბავშვი იყო გაჭედილი… ანუ ორივე სართული ჩაინგრა და კედლები მოიყოლა.
საბედნიეროდ კონტაქტური იყო… თავი ქვიშითა და ნანგრევების მტვრით ჰქონდა დაფარული და ძლივს სუნთქავდა. პირველ რიგში, სუნთქვის საშუალება მივეცით და მერე თანდათან, სპეციალური ხელსაწყოებით გავათავისუფლეთ ნანგრევებისგან.. შოკი ჰქონდა. ჯერ ხმა ვერ ამოიღო, მერე ტირილი დაიწყო. დედამისი ეძახდა, მარიამ, ხმა გამეციო… მერე თანდათან მოვიდა აზრზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იქ იყო და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
ბავშვს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დედამისიც ეკითხებოდა, რამე ხომ არ გტკივაო, მაგრამ უარობდა… სახე და ტანსაცმელი ჰქონდა მტვრით მოსვრილი და შეშინებული იყო. ჩვენ მაშინვე საკაცეზე დავაწვინეთ. იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი და უვნებელი გადაურჩა.” – ჰყვება “ამბები გი”-სთან ზუგდიდის სახანძრო-სამაშველოს სამმართველოს უფროსი.
შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვი გამოიყვანეს.
ამ დროისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ბინაზე დღეს გაეწერება.