პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გათავისუფლების შემდეგ, ივერი მელაშვილის განცხადებები მისთვის წარდგენილი ბრალის აღიარებაა.
როგორც პროკურორმა “პირველ არხთან” განაცხადა, რაც ივერი მეაშვილმა საჯაროდ განაცხადა, მრადების მხარე ამას ამტკიცებდა.
“გათავისუფლების შემდეგ, ივერი მელაშვილის განცხადებები მისთვის წარდგენილი ბრალის აღიარებაა. ზუსტად ამას ვამტკიცებთ ბრალდების მხარე, რაც გუშინ საქვეყნოდ განაცხადა მელაშვილმა. იგი საუბრობს არა ბერთუბანზე, არამედ დავით გარეჯის მთაზე არსებულ კულტურულ ძეგლებზე, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში. ჯერ კიდევ 1995 წელს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, ოქმი, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს პირადად მელაშვილი, რომ დავით გარეჯის მთა და მასზე არსებული ყველა ძეგლი არის და უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფარგლებში. თავად მელაშვილი აწერს ამ დოკუმენტს ხელს. 1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორიაზე და 2006 წელს, 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა, რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,”- განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ რუკას, რომლითაც ხდება ბრალეულობის დამტკიცება ტექნიკური წუნი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
“შეიცვალა ის, რომ მან მიიღო დანაშაულებრივი დავალება ასე გაეკეთებინა და იგი უკვე იძულებულია, მისი დანაშაულის გადასაფარად დღეს ისაუბროს, თურმე ეს ძეგლები ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არის სიცრუე, მაგრამ იგი კარგად ხვდება ამას და ამ სიცრუეს რა გამოააშკარავებს – 200-ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ცხადად ჩანს, რომ მთელი მთა არის საქართველოსი და ადვოკატები რას აკეთებენ ამ დროს? ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ხარვეზი აქვს ამ რუკას და უვარგისია. 100-მდე რუკაა საქმეში და მთავარი რუკა, რომლითაც დავით გარეჯი ჩვენია, მარტო ამ რუკას აღმოაჩნდა თურმე ხარვეზი. საბედნიეროდ, არა მხოლოდ ამ რუკაზე, სხვა მასშტაბის რუკებზეც კი, დავით გარეჯის მთა იყო და არის საქართველოს შემადგენლობაში. ნურავის შეექმნება ილუზია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც წინასწარი პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, ეს მიანიშნებს მათ უდანაშაულობას. არავის გაუჩნდეს განცდა, რომ პროკურატურამ შეარბილა პოზიციები. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხების გაცემა მოუწევთ. მათ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.