დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, “კოვაქს” პლატფორმა 51 დაბალ და საშუალოგანვითარებული ქვეყნიდან რომელს შეარჩევს „ფაიზერის“ ვაქცინის მისაწოდებლად.
როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო შედის იმ 12 ევროპულ ქვეყანას შორის, რომელიც “ფაიზერის” ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მისაღებად საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს.
„ასე იყო გაცხადებული, რომ იქნება გადაწყვეტილება, “ფაიზერის” ვაქცინის დაახლოებით, მილიონამდე დოზა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განთავსებულია COVAX პლატფორმაზე, რომელიც სწორედ უნდა მიეწოდოს და განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოგანვითარებულ ქვეყნებზე და აქ სწორედ, რაც მე მაქვს ინფორმაცია, სერიოზული მსჯელობა მიდის, გუშინ, დღეს, ხვალ იქნება, ალბათ, და გვეცოდინება ამ დღეებში, რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნიდან. საქართველო იმ 12 ევროპულ ქვეყანაში შედის, რომელიც აკმაყოფილებს ყველა პირობას “ფაიზერის” ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მიღების, აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და “გავის” ალიანსისა და “კოვაქსის” საბჭოზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს თანაბრად განაწილდება 51 ქვეყანაზე თუ შეირჩევა რეგიონებში ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ გვეცოდინება ამ უახლოეს ხანში გადაწყვეტილება,“- განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ამასთანავე, იმედი გამოთქვა, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში საქართველო “ასტრაზენეკას” ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზასაც მიიღებს.