“რაც შეეხება ილიჩოვასა და მელაშვილის პატიმრობაში დატოვებას, სიმართლე გითხრათ ნაკლებად არის აწი მნიშვნელოვანი ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით,” – აღნიშნულის შესახებ ეკონომისტი, ირაკლი ლატარია ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გირაოს სახით შესაძლო განთავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ეკონომისტი “ფესიბუქ” პოსტში ამბობს, როგორც ჩანს, გამოძიებამ ილიჩოვასა და მელაშვილისგან ყველა ინფორმაცია მიიღო და საგამოძიებო პროცედურა დაასრულა.
“მე პირადად, უახლოეს ისტორიაში ამაზე მძიმე დანაშაული, როგორიცაა გარეჯის საქმე, ნამდვილად არ მახსენდება.
არ მგონია ქართველი კაცისთვის სამშობლოზე და საკუთარი ქვეყნის მიწაზე ღირებული და სასიყვარულო რამ თუ არსებობს.
ჩვენ, ყველამ კარგად ვნახეთ ის კადრები, სადაც დღევანდელი ბრალდებულები ჩანან და სადაც ნათლად იკვეთება, თუ რამხელა დანაშაულთან გვაქვს საქმე და თუ რა დონზე დიდ ღალატს აქვს ადგილი.
ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულს კომიის ორი წევრი თავისით არ და ვერ ჩაიდენდა, ჩვენ იმასაც კარგად ვხვდებით რომ მათ დავალებები მისცეს ,,ზემოდან” და ამავე დროს იმაშიც დარწმუნებული ვარ მე პირადად, რომ ის ,,ზემოდან” აუცილებლად გამოიკვეთება და უმკაცრესად დაისჯება.
რაც შეეხება ილიჩოვასა და მელაშვილის პატიმრობაში დატოვებას, სიმართლე გითხრათ ნაკლებად არის აწი მნიშვნელოვანი ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით, როგორც ჩანს გამოძიებამ მათგან ყველა ინფორმაცია მიიღო და ყველა საგამოძიებო პროცედურა დაასრულა, რომელიც ბრძანების გამცემებამდე მივა და რაც მთავარია, მათი მხრიდან რაიმე მტკიცებულებების განადგურება და ასევე მიმალვაც ვერ მოხდება, მითუმეტეს თუ ისინი გარეთ იქნებიან გირაოთი და პასპორტის გარეშე.
და ბოლოს, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გარეჯის მოღალატეობრივ საქმეზე, ძალიან ბევრი ადამიანი დაისჯება და ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ ვერ უნდა გაბედო შენი ქვეყნის ინტერესის გაცვლა პირად კეთილდღეობაზე!” – წერს ირაკლი ლატარია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.