პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
“დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას”, – განაცხადა პროკურორმა.
მისი განმარტებით, “ეს ნიშნავს, რომ ბრალდებული თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას”. მისივე თქმით, პროკურატურა ამ პროცესში იქნება “საკმაოდ პრინციპული და კატეგორიული”.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. ამ დროისთვის დავით გარეჯის საქმეზე ბრალი დელიმიტაციის კომისიის ყოფილ წევრებს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აქვთ წარდგენილი. ბრალდების თანახმად, საუბარია საქართველოს ტერიტორიების უკანონო დათმობის მცდელობაზე.