ანალიტიკოს არჩილ გამზარდის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მთავრობა ქვეყანაში შეზღუდვებს არაარგუმენტირებულად აგრძელებს.
როგორც არჩილ გამზარდია წერს, ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტი, რატომ ზღუდავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ანდაც რატომ არ ხსნის სკოლებს.
“ხელისუფლების მხრიდან მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ერთბაშად ყველაფრის გახსნა ეპიდემიას გაამძაფრებს, თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებები არგუმენტირებულ კვლევა-ანალიზზე დაფუძნებული არაა. არაა შესწავლილი ცალკეული შემთხვევები, სად შეიძლება გავრცელდეს კერა, რომელი შეზღუდვის მოხსნა გაართულებს ეპიდემიურ მოცემულობას.
ხელისუფლება ვერ ანხორციელებს ვერც მიზნობრივ და რეალურად წერტილოვან შეზღუდვებს, ვერც პროცესის კონტროლს. მაგალითად, ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტი რატომ არ ხსნის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ვთქვათ მთიან რეგიონებსა და თბილისს შორის, სადაც გადაზიდვების ინტენსივობა და რაოდენობა მცირეა, მაგრამ მნიშნელოვანი.
არ აქვს არგუმენტი რატომ არ ხსნის რეისების ნაწილს მაინც თბილისში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით, სადაც შეიძლება სხვა რეისების არსებული სატრანსპორტო საშუალებები დაუმატონ და უფრო ინტენსიური გახადონ სატრანსპორტო საშუალებები.
ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტირებული მოტივი რატომ არ ხსნის ცალკეულ უმაღლეს სასწავლებლებს, სკოლებს თუ ბაღებს, სადაც უსაფრთხოების რესურსები ბევრად მაღალია ან ფიტნეს ცენტრებს თუ სხვა საშუალებებს, სადაც უსაფრთხოების შესაძლებლობები არსებობს და ეგრედ წოდებული მხარდამჭერი კონტროლის განხორციელებაა შესაძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აკრძალვების სანაცვლოდ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება შეავსოს მოსახლეობის სოციალური დანაკლისები, რასაც მმართველი ძალა არ აკეთებს.
სამწუხაროდ, ხელისუფლება კერძო ინტერესებით ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს აკრძალვები, რადგან მოქალაქეთა უფლებების გაუქმებით მას აქვს სრული ძალაუფლება პროცესებზე, რაც ხელს უწყობს ავტორიტარიზმსაც და დიქტატსაც, რითიც ხელისუფლება სარგებლობს. აღარაფერს ვამბობ შესაძლო კორუფციულ გარემოზე კოვიდთან მიმართებაში და სხვა დამატებით ფაქტორებზე.
გაურკვეველია ვაქცინაციის საკითხი, გაურკვეველია მოქალაქეებისათვის ფუნდამენტური უფლებების დაბრუნების საკითხი, გაურკვეველია ყველაფერი, რაც ჩვენს ფიზიკურ, სოციალურ თუ მორალურ უსაფრთხოებას, მითუმეტეს რომ ხელისუფლება, რომელმაც თითქმის ყველა სიტყვა გატეხა, რაც დადო, მოსახლეობის დიდ ნაწილში ნდობას აღარ იწვევს.
მიუხედავად ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი უნდობლობისა, საკმარის საზოგადოებრივ ნდობას ვერც ოპოზიციური პარტიები იღებენ, რაც დამატებით სკეპტიციზმს ნერგავს საზოგადოებაში. პოლიტიკური ელიტები, ჩვენს ქვეყანაში, პრობლემაა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის შემთხვევაში,”- წერს არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.