ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ

დედაქალაქში ძაღლების ჭირით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით მომრავლდა. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ამიტომ ჭირით ინფიცირდებიან, როგორც ქუჩის, ასევე ოჯახში მცხოვრები ძაღლები.

ამასთან, როგორც ვეტერინარები აღნიშნულ ტელეკომპანიასთან ჰყვებიან,  ბოლო წლებში განსაკუთრებით გართულდა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ამის გამო კი, უფრო მძიმე სამკურნალო გახდა. თუ ვირუსმა განვითარების მაღალ სტადიას მიაღწია ცხოველი უმეტეს შემთხვევაში კვდება.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ახლა ცხოველთა თავშესაფრებში უწევთ. დედაქალაქის მუნიციპალურ თავშესაფარში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო წესს იცავენ, თუმცა, პრევენცია გარანტირებული მაინც არ არის, რადგან მიუსაფარ ცხოველს ზოგჯერ ინფიცირების ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება.

თუ ძაღლს ჭირი დაემართა, თავშესაფარი ვალდებულია, ცხოველი დააძინოს, ამიტომ ვეტერინარები შინაური ცხოველების მოყვარულებს ახლა განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ცხოველთა მოყვარულებს ჭირთან ბრძოლის გამოცდილება უკვე აქვთ, ისინი ამბობენ, რომ მიუსაფარი ძაღლების მიტოვება არ შეიძლება, დაავადება განაჩენი არ არის და დროული მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფობის განკურნებაც შეიძლება.

იტვირთბა....