ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნატო-ს ასეთი სტრატეგია ფეთქებადსაშიშია სამხრეთ კავკასიის მიმართ”- ოკუპირებული აფხაზეთი იენს სტოლტენბერგს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს მიმართავს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს მოუწოდებს, უარი თქვას „ორმაგი სტანდარტების პრაქტიკაზე და რეგიონის ქვეყნების მეგობრებად და მტრებად დაყოფაზე”.

როგორც განცხადებაში ვყიდულობთ,  ნატო-ს ამგვარი სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში „ფეთქებად საშიშია.“

„იენს სტოლტენბერგის თქმით, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, ნატო-სთვის წმინდაა და ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებით, მზადაა დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. ნატო-ს ლიდერი საქართველოსა და უკრაინის უფლების, თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, ეჭვქვეშ დაყენებას ფიქრებშიც კი არ უშვებს. ამავე დროს, სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს”, – ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია ნატო-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. 2008 წლის მოვლენები ბრწყინვალე შეხსენებას უნდა წარმოადგენდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთან ფლირტს და დასავლეთის სამხედრო ბლოკში მის შეთრევას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სუვერენული სახელმწიფოს უფლების ეჭვქვეშ დაყენება, საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს, „თითქმის პროვოკაციაა“. მისი აზრით, რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. „საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში – ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....