დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“ბუკნარში მომხდარი კონფლიქტი ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რატომ უნდა იყოს ნებისმიერი სარწმუნოება სრულიად თავისუფალი სახელმწიფოებრივი, ნაციონალური, პოლიტიკური თუ სხვა მიწიერი ხუნდებისგან. მართლმადიდებელმა ქართველებმაც უნდა იცოდნენ ეს და მუსლიმმა ქართველებმაც.
ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არასოდეს, არცერთი სარწმუნოება არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან. რწმენა ყველა ეროვნების და ყველა მიწიერი საზღვრის მიღმაა. ასეა ისლამშიც და ასეა ქრისტიანობაშიც. საკუთარი ქვეყანა და ამ ქვეყნის თავისუფლება უნდა უყვარდეს საქართველოს მოქალაქეს, მუსლიმსაც და ქრისტიანსაც, და არცერთმა არ უნდა დაუშვას, რომ ბოროტის მსურველმა მათი სარწმუნოებით მანიპულირება მოახერხოს საქართველოს წინააღმდეგ, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. ეს უნდა გვახსოვდეს, ესაა მთავარი” – წერს დეკანოზი.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ბუკნარში ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა. ბუკნარის მუსლიმმა მოსახლეობამ ჩოხატაურის მერიასთან აქცია გამართა. გუშინ, 15 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თქვეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს.