ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ 12 მლნ ლარია დარჩენილი. თუ პროგრამიდან საავადმყოფოებისათვის ვალების გასტუმრების დღემდე არსებულ ტემპს გავითვალისწინებთ, ეს თანხა ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი კვირა თუ ეყოფა“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველდღიური საკასო ხარჯი საშუალოდ 1,56 მლნ ლარია. დეკემბერში კი პროგრამას მინიმუმ 48 მლნ ლარი სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ 2 კვირაც არ გასულა, რაც მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 96 მლნ ლარით გაუზარდა დაფინანსება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ქრონიკულად დეფიციტურ ბიუჯეტს ამ თანხიდან 50 მლნ ლარი ერგო და პროგრამის უკვე 484 მლნ ლარამდე გაზრდილი ფინანსები 534 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ჯერჯერობით არ ჩანს, საიდან მოიძიებს დავით სერგეენკო კიდევ 36 მლნ ლარს. არადა, ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ 100 მლნ ლარზე მეტია და, საგანგებო ზომების მიღების გარეშე, მედპერსონალის მნიშვნელოვან ნაწილს უხელფასოდ მუშაობა ემუქრება 2016 წლის იანვრამდე, ვიდრე ახალი ბიუჯეტი არ ამოქმედდება.
სამედიცინო პერსონალმა უხელფასოდ რომ მიატანოს იანვრამდე და ხმა არ ამოიღოს, თუ 2016 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაისტუმრა 2015 წელს დაგროვილი დავალიანება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ისედაც გაუბედურებულ ლარს რა დღე ელის. ეს კი იმავეს ნიშნავს, რაც ენერგეტიკაში მოხდა: დღეს გვიზოგავენ 1 თეთრს, ხვალ კი სანაცვლოდ ჯიბიდან 3 თეთრს გვაცლიან”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„მეტრონომი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშიდა. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.