არამტრულ გემებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გავლის უფლება ექნებათ – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“თავდაცვის ბუნებრივი უფლების გამოყენების ფარგლებში, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების მიზანში ამოღების გარდა, მიიღო აუცილებელი ზომები, რათა აღკვეთოს აგრესორებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ჰორმუზის სრუტის გამოყენება ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციების განსახორციელებლად… როგორც სრუტის მოსაზღვრე სანაპირო სახელმწიფომ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპებისა და წესების სრული დაცვით, შეზღუდა იმ გემების გადაადგილება, რომლებიც ეკუთვნის ან დაკავშირებულია აგრესორებთან და მათთან, ვინც მონაწილეობს აგრესიულ ქმედებებში… კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აგრესორი მხარეების კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის რეჟიმის, ისევე როგორც აგრესიის სხვა მონაწილეების კუთვნილი გემები, აღჭურვილობა და ნებისმიერი აქტივი, არ ექვემდებარება უწყინარი ან არამტრული გავლის წესს“ – ნათქვამია წერილში.

