კასპში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი “მთავარს” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც პოლიციაში უთხრეს, რომ სამართალს იქ ვერ იპოვიდა. “მთავართან” საუბრისას მენაბდიშვილი ყვება, რომ ის 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში. ერთ ერთი მეწილისგან ქარხნის 10 პროცენტიც შეიძინა. ქარხანამ მცირე, თუმცა მოგების მოტანა დაიწყო. პრობლემებიც ამის შემდეგ გაჩნდა. სხვა მეწილეებმა საქმეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართეს და ახალგაზრდა ბიზნესმენს წილიც წაართვეს და სამუშაოც.
მას შემდეგ რაც მუქარები სულ უფრო გააქტიურდა, გიორგი მენაბდიშვილი იძულებული გახდა, ოჯახი სხვა რაიონში გაეხიზნა. გვიყვება, რომ თავადაც სახლში ვერ ჩერდებოდა. მას პირდაპირ უთხრეს, რომ მოკლავდნენ.
ისიც გავარკვიეთ, ვინ იყო კასპის პოლიციის უფროსის მეგობარი, ვის გამოც გიორგი მენაბდიშვილის საქმეზე სამართალდამცველებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. აღმოჩნდა, რომ ეს არის სოსო იაშვილი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა და დიდი გავლენაც ჰქონდა. კასპში კამერის მიღმა ყვებიან, რომ მისი შვილი ვაკო იაშვილი არის დაკავშირებული კასპში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან და სწორედ მისი დახმარებით წაართვეს გიორგი მენაბდიშვილს ბიზნესი. თავად იაშვილები მედიასთან არ ჩნდებიან.
გიორგი მენაბდიშვილის ერთერთი მძევალი სავარაუდოდ გოგიტა ბაქაურია. მთავარი არხის გამოჩენამ იმდენად გააღიზიანა, რომ კამერას ხელი დაარტყა. სწორედ ამ ადამიანებს ადანაშაულებს გიორგი მენაბდიშვილი მის მიმართ მუქარასა და ზეწოლაში. ტელევიზიის მისვლიდან მალევე ადგილზე პოლიციაც გამოჩნდა, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილება არა მოძალადეებს, არამედ ისევ გიორგი მენაბდიშვილს მისცა და ტერიტორია ისე დატოვა, სიტუაციაში გარკვევა არც უცდია.
ეს რამდენიმე დღის წინ ხდებოდა. მას შემდეგ გიორგი მენაბდიშვილი პოლიციაში კიდევ არაერთხელ იყო მისული და დახმარებას ითხოვდა. თუმცა როგორც თავიდანვე უთხრეს, სამართალი ვერ იპოვა. დღეს კი ის დაკავებულია, ბრალად კი მძევლების აყვანა აქვს წაყენებული და სავარაუდოდ, 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.