ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმის განხილვა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებთან პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ბრალდებას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეების უმეტესობა უკვე დაკითხული ჰყავს.
“ბრალდებულების გარდა, ამ ეტაპზე 16 მოწმის დაკითხვაა დარჩენილი, ესენი ძირითადად, სამედიცინო ექსპერტები არიან, ასევე დაიკითებიან გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და ერთი ექსპერტ-კრიმინალისტი. ექპერტებიდან, რომლებიც დღეს იკითხებიან, ერთ-ერთს მონაწილეობა მიღებული აქვს ოთხივე ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ცხედრის გამოკვლევასთან არის დაკავშირებული, ის ყველა დასკვნის ირგვლივ ისაუბრებს. ასევე, მეორე ექსპერტი ჩართული იყო კომისიური წესით ექსპერტიზაში და ისაუბრებს ექსპერტიზის ყველა იმ დასკვნაზე, რომელიც მისი მონაწილეობით არის გაცემული. საუბარი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების, ასევე მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე იქნება.
ბრალდების მხარე გეგმავს და ფიქრობს, რომ თვის ბოლოს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, რის შემდეგაც, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ვფიქრობ, თებერვლის ბოლომდე ეს საქმე დასრულდება“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართო პროცესი მოწმეთა დაკითხვით განახლდება.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვლის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შაქარაშვილმე ფიზიკურად მკვლელობამდე იძალადეს. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.