ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,ყველაფერს აქვს ზღვარი, იძულებული ვართ ვუპასუხოთ” – რატომ უპირისპირდება ცერცვაძე გერმანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის ბოლო დროინდელ განცხადებებს სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს.

როგორც ცერცვაძე თავის პოსტში დასძენს, კოლეგიალობის გამო მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა მის უკიდურესად არაკორექტულ პასაჟებზე პასუხისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და იძულებულია რომ ექიმის განცხადებებს უპასუხოს.

,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც გერმანიაში საქმიანობს, ჩამოყალიბდა ტიპიურ „ჰეითერად”. ის სისტემატურად ცდილობს საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია წარმოაჩინოს უკიდურესად მუქ ფერებში, სრულიად დაუსაბუთებლად აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს, ცოცხალი თავით არ უნდა თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და დაინახოს, რომ საქართველო პიკის პერიოდშიც კი ბევრ სხვა ქვეყანაზე გაცილებით უფრო წარმატებულად მართავდა პანდემიას და ყველა მიმართულებით, მათ შორის ვაქცინების საკითხშიც ოპტიმალური გზით მიდის. ბოლო პერიოდში ქ-ნი თამარი უკვე გადავიდა ცინიზმზე და შეურაცხყოფებზე, ქვეყანას ცინიკურად ურჩევს, რომ სთხოვონ „გუდვილს“?! გამოათავისუფლონ პროდუქტების მაცივრები ვაქცინების შესანახად. ლაპარაკობს რაღაც ხვრინვის აპარატებზე, რაღაც გამოგონილ ხარვეზებზე ავადმყოფების მართვაში და სხვ.

ჩვენ კოლეგიალობის გამო მაქსიმალურად ვცდილობდით თავი შეგვეკავებინა მის უკიდურესად არაკორექტულ პასაჟებზე პასუხისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და იძულებული ვართ ვუპასუხოთ.

ქ-ნო თამარ! რა უფლებით ერევით ქართველ კოლეგებთან და სტრუქტურებთან შეუთანხმებლად ტელეფონით COVID-19-ით პაციენტების მართვაში და ამხედრებთ მათ ქართველი ჯანდაცვის მუშაკების წინააღმდეგ. ეს ხომ დასჯადი ქმედებაა (როგორც ქართული, ისე გერმანული კანონმდებლობით).

თქვენ, თქვენს ბოლო პოსტში აღნიშნავთ, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის ან ვაქცინის ავკარგიანობის დასადგენად არსებობს FDA და EMA. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაშინ მინდა გკითხოთ – რატომ ატეხეთ ერთი ამბავი და ლამის სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაგვითვალეთ ქვეყანაში რემდესივირის შემოტანა, რომელსაც კარგა ხანია აქვს FDA-ის რეკომენდაციაც, ამერიკის და ევროპის პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული გაიდლაინის რეკომენდაციაც და ფართოდ გამოიყენება მთელ ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოში. იცით თუ არა რომ ამით „დათვური სამსახური გაუწიეთ“ და სერიოზული ზიანი მიაყენეთ იმ COVID პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებოდათ და არ მიიღეს რემდესივირი, იმათ ვისაც ჰგონია, რომ რადგან გერმანიაში მუშაობთ, რაღაც სხვაზე მეტი იცით.

თქვენ ჩემს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას ირონიულად უწოდებთ „მისტერიულს“ და დაუჯერებლად თვლით, როგორ შეიძლებოდა ლიმფომით და სერიოზული იმუნოდეფიციტით ავადმყოფში (საუბარი ჩემზეა) დაავადება „რთული იმუნური ფაზის გარეშე დამთავრებულიყო“. „Charité“-ს კლინიკის ექიმმა იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ სერიოზული იმუნოდეფიციტით ავადმყოფებში რთული იმუნური ფაზის განვითარება ნაკლებ სავარაუდოა. პირიქით – ასეთ ავადმყოფებში მოსალოდნელია არა იმუნური ფაზის, არამედ ვირუსული ფაზის დამძიმება შესაძლოა ლეტალური შედეგითაც. მაგრამ სავარაუდოდ სწორედ თქვენს მიერ შერისხული რემდესივირის დროულად გაკეთებამ გადამარჩინა, რადგან ეს მედიკამენტი სწორედ ვირუსის რეპლიკაციას თრგუნავს.

ალბათ გახსოვთ, უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებთან პირდაპირი ტელეხიდის დროს დაგისვით კითხვა, თუ რით შეგიძლიათ ახსნათ, რომ საქართველოს გერმანიასთან შედარებით COVID-19-ით გარდაცვალების ორჯერ უფრო დაბალი პროცენტი აქვს (ახლაც ასეა). თქვენი პასუხი გამაოგნებელი იყო. „ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გერმანიაში ECMO-ს აპარატები გვაქვსო?!“ (ამის ჩანაწერი არსებობს). სრული ნონსენსია. ECMO, როგორც მოგეხსენებათ, ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატია. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ „ხელოვნური ფილტვი“. როგორ შეიძლება ქვეყანაში ასეთი მაღალტექნოლოგიური აპარატურის ქონა სიკვდილობის ორჯერ გაზრდის მიზეზი იყოს. მაშინ რაღად გინდათ ეს აპარატები? გადაყარეთ და იქნებ გარდაცვალების პროცენტი ორჯერ შემცირდეს.

თქვენ სისტემატურად გვაკრიტიკებდით, რომ ჩვენი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები ყოვლად უვარგისი იყო, რადგან დეტალურად არ იყო გაწერილი. სინამდვილეში გერმანიის ნაციონალურ გაიდლაინში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები საერთოდ არ არის (მხოლოდ რამოდენიმე ზოგადი წინადადებით არის წარმოდგენილი), ხოლო საქართველო თავისი „უვარგისი“ პროტოკოლით და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით სარეკორდოდ მაღალი გადატვირთვის პირობებშიც კი სხვა ქვეყნებზე გაცილებით უკეთ უმკლავდებოდა პაციენტთა გაზრდილი ნაკადების მართვას, რაზეც ცალსახად მეტყველებს გარდაცვალების ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი (1,16%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილთა მინიმალური რიცხვი (სულ 33 პაციენტი).

თქვენ სისტემატურად გვსაყვედურობდით, რომ ქვეყანამ არაფერი გააკეთა გაზაფხულ-ზაფხულში და სრულიად მოუმზადებელი შეხვდა შემოდგომა-ზამთრის პიკს. სინამდვილეში ქვეყანამ მობილიზაცია გაუკეთა 7 ათასამდე COVID საწოლს (მაგალითისთვის 10 მილიონიანმა ლოს ანჯელესის ოლქმა მხოლოდ 8 ათასამდე საწოლის მობილიზება შეძლო), 72 COVID სასტუმროს 5 ათასამდე ადგილით, გამართულად მუშაობს 64 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ და 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმი. ასევე მუშაობს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან. საქართველოში არავის გაუცია განკარგულება, რომ 65 წელზე მეტი ავადმყოფები არ წაეყვანათ კლინიკებში ადგილების უქონლობის გამო ან უარი ეთქვათ კლინიკებში უიმედო პაციენტების გადაყვანაზე. ჩვენთან ავადმყოფები 8-8 საათს არ ატარებდნენ სასწრაფოებში (კლინიკებში რიგების გამო). არ იყო სასწრაფოების ისეთი მწვავე დეფიციტი, როგორიც მაგალითად ამერიკასა და ინგლისში. 2-2 რეფრიჟერატორი არ იდგა მიცვალებულებით გადატვირთულ მორგებთან მათ განსატვირთად. არავის გაუცია განკარგულება, რომ ჟანგბადის მარაგის ნაკლებობის გამო ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისთანაც სატურაცია 90%-ზე დაბალი იქნებოდა. არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ხელოვნური სინთქვის აპარატის, ჟანგბადის მარაგის ან მედიკამენტების ნაკლებობის გამო. საქართველოში არასდროს გადავადებულა ე.წ. სასწრაფო დაყოვნებული ოპერაციები. მოკლედ, ჩვენთან თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად კლინიკური სექტორი არათუ არ ჩამოშლილა, არამედ ცალკეული შეფერხებებისა და ხარვეზების მიუხედავად ღირსეულად გამოვიდა ურთულესი სიტუაციიდან, მაშინაც კი, როცა საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით COVID-19-ით ავადმყოფების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდებოდა. აი, ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში კი, მათივე ლიდერების (მათ შორის ქ-ნი მერკელის) განცხადებებით, კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირასაა.

ქ-ნო თამარ! გერმანია საქართველოზე შეუდარებლად უფრო მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა, შეუდარებლად უფრო ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის სისტემით და თან ის ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ითვლება COVID-19-თან ბრძოლაში ევროპასა და ამერიკაში. ახლა მაინც ხომ ვერ აგვიხსნით, რატომ არის საქართველოში გარდაცვალების პროცენტი 1.16%, ხოლო გერმანიაში – 2,17%. რატომ არის საქართველოში ჰოსპიტალსგარეთ (ბინაზე ან COVID სასტუმროში) გარდაცვლილთა რიცხვი ასეთი მცირე (სულ 33 გარდაცვლილი), ხოლო გერმანიაში – გაცილებით მეტი (ინგლისზე და სხვა ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ).რატომ არის, რომ გერმანიაში ბოლო პერიოდში მოსახლეობის 1 მილიონზე გადაანგარიშებით კვდება უფრო მეტი პაციენტი, ვიდრე საქართველოში და ა.შ. იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი გადმოსახედიდან „თქვენ კარგად მუშაობთ, ხოლო ჩვენ საქართველოში არაფერს ვაკეთებთ“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

იტვირთბა....