ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შეზღუდვების მოხსნამდე მოლებისა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სტანდარტები, რაც მოლების უსაფრთხო გახსნისა და ეპიდემილოგიური უსაფრთხოების დაცვისთვისაა სავალდებულო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ელი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე.
„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.