გორში, N-1 საბავშვო ბაღის, “ინტელექტის” შენობაში სადაც დევნილები ცხოვრობენ ცეცხლი გაჩნდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. როგორც ირკვევა აღნიშნულ შენობაში დევნილები ცხოვრობენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცეცხლი ოთახებს შეგნებულად ბაღის ადმინისტრაციამ წაუკიდა. ამ აზრს არ ეთანხმებიან ბაღის თანამშრომლები. “მათ ჰგონიათ, რომ ბაღის ადმინისტრაციას უნდოდა ამ შენობის ხელში ჩაგდება და ჩვენ დავუწვით. შეიძლება ომიც ჩვენ დავიწყეთ რუსეთ- საქართველოს შორის?” – განუცხადა “მეტრონომს” ბაღის დირექტორმა ლალი ბაიაძემ.
ლალი ბაიაძეა: “მას შემდეგ, რაც საბავშო ბაგა-ბაღში 2000 წლიდან დევნილები შემოასახლეს, ჩვენ თვითონ, ბაღი ვიქეცით დევნილად. ყველაზე დიდი ბაღია გორში და ყველაზე მეტი დევნილები აქ არიან. ესენი დევნილები არ არიან, არც იძულებით გადაადგილებული პირები არიან და საერთოდ, დევნილის სტატუს არ ექვემდებარებიან. ესენი არიან სოფელი “ზარიაანთ კარის” მაცხოვრებლები საკმაოდ გაჭირვებული ოჯახები, მაგრამ არანაკლებ გაჭირვებულები ვართ ჩვენ. ამ დევნილების უჯრედში (უჯრედში, როგორც ჩანს, ბაღის დირექტორმა მცირე ზომის ოთახები იგულისხმა) უკვე მეოთხედ მოხდა ხანძარი. ერთი და იგივე უჯრედში. ორი ოჯახი ცხოვრობს ამ უჯრედში და აქ ჩნდება ხანძარი, მართლა გამოსაძიებელია, მართლა გულამდე არის მისატანი, იმიტომ რომ ცოტაღა დააკლდა და დროზე რომ არ მოსულიყო სახანძრო ალბათ მთლიანი ბაღი დაიწვებოდა.
“მეტრონომი“ ხანძრის შედეგად ვინმე ხომ არ დაშავდა?
– არა, ფიზიკურად არავინ არ დაზარალებულა. ამ ორი ოჯახიდან ერთი ოჯახის მაცხოვრებელი იყო სახლში და მეორე ოჯახში. ამბობენ, რომ ვიღაც სპეციალურად შევიდა და გააჩინა ხანძარი. სხვათაშორის, ვის სახლშიც ხანძარი გაჩნდა ეს არის მრავალშვილიანი ოჯახი. განადგურდა და დაზიანდა აბსოლუტურად ყველაფერი. დევნილს რა უნდა ჰქონოდა. ძალიან ცოდოა ეს ოჯახი, 6 შვილის დედაა ეს ქალბატონი. ფაქტია, რომ არ უნდათ სხვაგან გადასვლა. ერთ-ერთმა მერიის თანამშრომელმა უთხრა რომ დაგაკმაყოფილებთ და მოგცემთ ფართსო, გაგიჟდა, ჩვენ არსად არ წავალთო. მათ ჰგონიათ, რომ ბაღს უნდოდა ეს შენობა და ჩვენ დავუწვით. ომიც შეიძლება ჩვენ დავიწყეთ რუსეთთან. ძალიან განერვიულებულები არიან ისინიც და ჩვენც…
ნუკი მჭედლიშვილი